2023-05-23
საინფორმაციო შეხვედრები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ
500 კვ ეგხ „ჯვარი-წყალტუბოს“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ორგანიზებით, პროექტის განხორცილების არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის, გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები გაიმართა.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ სახელმწიფოში არსებულ ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მომსახურებებს.
,,ჯვარი-წყალტუბო”-ს პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მოიცავს, როგორც 500 კვ ეგხ ,,ჯვარი-წყალტუბო”-ს მშენებლობას, ასევე არსებული ქ/ს ,,წყალტუბო”-ს გაფართოებას 500 კვ ფრთით. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოების ამაღლებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელთან ინტეგრირების მიმართულებით.