2023-09-26
განახლებადი ენერგიის ხელშეწყობის ახალი ინიციატივა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა მონაწილეობა მიიღო „ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი კომპონენტის გაცნობით შეხვედრაში.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს სექტორს განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების დაფინანსების შესახებ ახალი ინიციატივა გააცნეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ „ბიზნეს უნივერსალის“ კომპონენტს კიდევ ერთი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტროენერგიის წარმოება დაემატა. აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, სადგური აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ უნდა აღემატებოდეს.
„ბიზნეს უნივერსალის“ პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა და ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.





