ახალი ამბები

2023-02-10 

განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია და დირექტორთა საბჭოს წევრები განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას - „შავი ზღვის ენერგეტიკული კვირეული 2023“ დაესწრნენ.

კონფერენციას საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, მოლდოვასა და თურქეთის ხელისუფლებისა და ენერგოკომპანიების წარმომადგენლები, სახელმწიფო და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და უცხოური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანს შავი ზღვის რეგიონში განახლებადი ენერგიების კუთხით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების განხილვა და სამომავლო პროექტების დაგეგმვა წარმოადგენდა. მონაწილეებმა იმსჯელეს რეგიონში განახლებადი ენერგიების კუთხით ინვესტიციების მოზიდვაზე, შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ინტერკონექციის ზრდის აუცილებლობაზე, განახლებადი ენერგიების პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე, ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გაძლიერებაზე, მზის ენერგიების განვითარების პერსპექტივებსა და სხვა საკითხებზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მოწყობას, რის შედეგადაც საქართველო დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებს.

სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ თავის პრეზენტაციაში ისაუბრა პროექტის მიმდინარეობაზე, მიმოიხილა არსებული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

rsz_ganaxlebadi-energiebis-saertasoriso-sainvesticio-konferencia-1.jpgrsz_ganaxlebadi-energiebis-saertasoriso-sainvesticio-konferencia-2.jpg

კომუნიკაცია