ახალი ამბები

2023-02-02 

ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმი

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და დირექტორთა საბჭოს წევრებმა ზვიად გაჩეჩილაძემ და გიორგი ამუზაშვილმა USAID-ის მხარდაჭერით გამართულ ენერგეტიკული პოლიტიკის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, USAID-საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კლერ მეისონი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

ფორუმის მიზანს დაინტერესებული მხარეების მიერ ენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელში ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ფორუმი სამ პანელად გაიმართა. პირველ პანელში განხილული იქნა ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმები და მიღწევები, მეორე პანელი დაეთმო ენერგომომარაგების დივერსიფიცირების, სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის საკითხებს, ხოლო მესამე - ადგილობრივ და რეგიონულ ენერგოპოლიტიკას.

ფორუმზე პრეზენტაციები წარადგინეს სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრებმა გიორგი ამუზაშვილმა და ზვიად გაჩეჩილაძემ. გიორგი ამუზაშვილმა ისაუბრა საქართველოს გადამცემი ქსელის მდგრადობის შესახებ. ზვიად გაჩეჩილაძე კი შეეხო შემდეგ თემებს: შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის პერსპექტივები და განსახორციელებელი ნაბიჯები; განახლებადი ენერგიის წარმოშობის სერტიფიცირების რეფორმა სსე-ში; საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ელექტროენერგიის ბაზრის მზაობის დონე და სიმულაციის შედეგები.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ენერგეტიკის დარგის განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა საქართველო კიდევ მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის რეგულაციებს და გაიზარდოს დაინტერესებული მხარეების ცნობიერება ენერგეტიკის სექტორში გატარებული რეფორმების მიმართულებით.

forum1JPG.jpgforum5JPG.jpgforum2JPG.jpgforum4JPG.jpgforum3JPG.jpg

კომუნიკაცია