ახალი ამბები

2023-10-20 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია CIGRE SEERC-ის კონფერენციაზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ, დირექტორთა საბჭოს წევრის და CIGRE-საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამუზაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონული გაერთიანების (SEERC) რიგით მე-4 კონფერენციაში.
მსოფლიოს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული განვითარების ქრონოლოგიასა და პერსპექტივებზე.
საქართველოს მხრიდან წარდგენილი იყო 7 სამეცნიერო სტატია, მათ შორის 5 სტატია წარადგინეს სსე-ის წარმომადგენლებმა. სტატიები შეეხებოდა
სისტემათაშორისო ხაზის სინქრონიზაციის გავლენას დინამიკურ მდგრადობაზე, საქართველოს ენერგოსისტემის ადეკვატურობის შეფასებას, განახლებადი ენერგიის წყაროების გავლენას საბითუმო ბაზარზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ამჟამინდელი გამოწვევები და სამომავლო განვითარების გეგმები.
ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო აერთიანებს ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2018 წლიდან CIGRE-ს ოფიციალური წევრია, რაც ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსისტემის შესახებ ელექტროენერგეტიკულ სამეცნიერო წრეებში ცნობადობის ზრდას და ევროპელი და ქართველი ინჟინრების დაახლოებას.

cigre Turkey S.png

კომუნიკაცია