2023-02-17
ეგხ „კოლხიდა-1“-ის რეკონსტრუქცია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქუთაისი-მენჯის დამაკავშირებელი, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „კოლხიდა-1“-ის რეკონსტრუქციის პროექტს განაგრძობს.
ელექტროგადამცემ ხაზზე რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 2022 წელს 16 ცალი ავარიული საყრდენი შეიცვალა ახალი მოდიფიკაციის საყრდენებით. ამ ეტაპზე ელექტროგადამცემი ხაზის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს ახალი, ალუმინის სადენის სამონტაჟო სამუშაოები.
საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 205 კმ ძველი სადენისა და სახაზო ელემენტების ახალი მოდიფიკაციის მოწყობილობებით ჩანაცვლება. შედეგად, ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობა 138 მგვტ-დან 300 მგვტ-მდე გაიზრდება, შესაძლებელი გახდება 500 კვ-იან ქსელზე გაუთვალისწინებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში სარეზერვო სიმძლავრის გატარება.
ენერგოსისტემის გენერაციისა და დატვირთვების ზრდის გათვალისწინებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ზრუნავს გადამცემი ქსელის გაძლიერებასა და მოდერნიზაციაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირება.
სადენისა და სახაზო ელემენტების სამონტაჟო სამუშაოები 2023 ივნისში დამთავრდება.