2023-10-05
ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესების განხილვა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესების განხილვის მიზნით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის ფარგლებში, ბელგრადში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები სერბეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის წარმომადგენლებთან. სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრები გიორგი ამუზაშვილი და ზვიად გაჩეჩილაძე შეხვდნენ სერბეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის გენერალურ მენეჯერს ელენა მატევიჩს, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ENTSO-E-ში გაწევრიანების პროცესს.
„ენერგოსექტორის მართვის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ათენში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ენერგეტიკულ სექტორში არსებული ისეთი გამოწვევები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და სიმულაციური ინციდენტების აღმოფხვრა. სსე-ის წარმომადგენლობამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო კომპანიაში არსებული ვითარება საკადრო და ტექნოლოგიური საკითხების ISO-27001 სტანდარტთან მიმართებაში. შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის და ნატოს ექსპერტების რეკომენდაციები, რათა დაძლეულ იქნას ენერგეტიკული სფეროს გამოწვევები.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობა ასევე დაესწრო სარაევოში ელექტროენერგეტიკული კომპანიების გაერთიანებული ორგანიზაცია CIGRE-ს წევრი ქვეყნების ადმინისტრაციული კონსულების მორიგ შეხვედრას, სადაც იმსჯელეს ფინანსური, ადმინისტრაციული და ტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვის საკითხებზე და განიხილეს საორგანიზაციო საკითხები 2024 წლის პარიზის შემაჯამებელი სესიისთვის.