2022-07-13
ტრენინგი საბალანსო ბაზრის საკითხებზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერიზაციის, საბალანსო ბაზრის და ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის გადამცემი სისტემის ოპერატორ RTE-ის შვილობილი საკონსულტაციო კომპანია RTE International-ის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, რომელიც საფრანგეთის საფინანსო ინსტიტუტის AFD-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
სსე-ის თანამშრომლებს ჩაუტარდათ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ტრენინგები საბალანსო ბაზრის პირობებში ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების მექანიზმების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ტრენინგის მონაწილეები RTE-ის ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში საფრანგეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერირების პრინციპებს გაეცნენ.
ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს. საქართველოს საბალანსო ბაზრის წარმატებული ოპერირებისა და შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ევროპის უდიდესი გადამცემი ოპერატორის გამოცდილება, რომელსაც უშუალო შეხება აქვს საბალანსო ბაზრის პირობებში წარმოქმნილ გამოწვევებთან და შესაძლებლობებთან.