ახალი ამბები

2022-10-28 

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ კვლევა

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი”-ს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დეტალების განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს წარმომადგენლებისა და სსე-ის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

კომპანია CESI საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ახორციელებს, რომლის შედეგად დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. საკონსულტაციო კომპანიამ კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და მისი დასრულება 18 თვის ვადაში იგეგმება.

სამუშაო შეხვედრაზე CESI-ს კონსულტანტებმა წარადგინეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პირველი დავალების პროექტი (საქართველოსა და რუმინეთს შორის ინტერკონექციის ოპტიმალური შესაძლებლობების განსაზღვრა), რომელიც მოიცავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის, გენერაციის განვითარების გეგმის, გამტარუნარიანობის შესაძლებლობების და სხვა ტექნიკური დეტალების განსაზღვრას. ასევე, CESI-ს წარმომადგენლებმა სსე-ის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია კვლევით გათვალისწინებული სხვა დავალებების შესრულების პროგრესის შესახებ.

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის საშუალებით, რომელიც აღჭურვილი იქნება ციფრული კავშირით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.

11Cesi.jpg22Cesi.jpg33Cesi.jpg44Cesi.jpg55Cesi.jpg

კომუნიკაცია