ახალი ამბები

2022-03-29 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრს კურსდამთავრდებულთა ახალი ნაკადი ჰყავს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. სსე-ის სწავლება-გადამზადების კურსი კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები სამი თვის განმავლობაში უტარდებოდა. სტუდენტების უმრავლესობამ მიიღო დასაქმების შემოთავაზება და ისინი საქმიანობას სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გააგრძელებენ.

„როგორც იცით, ჩვენი კომპანია ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს, სწორედ ამიტომ ახალი თაობა ჩვენთვის შეუცვლელ რესურსს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კადრი გადავამზადოთ და დავასაქმოთ ჩვენს კომპანიაში", - აღნიშნა სერტიფიკატების გადაცემისას სსე-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ ერთ-ერთ მოწინავე ენერგეტიკულ კომპანიაში. სსე აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, სწავლება-გადამზადების კურსი 300-მდე სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 80%-ზე მეტი სსე-ში დასაქმდა.

students2022JPG.jpgstudents20222JPG.jpg

კომუნიკაცია