2022-03-09
გიორგი გიგინეიშვილმა ახალი ეგხ-ების მშენებლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და ინდური სამშენებლო კომპანიის KEC International Limited ვიცე-პრეზიდენტმა სუმანტ სრივასტავამ ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმი“ მშენებლობის პროექტს მოაწერეს ხელი.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინდოეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქ. ერევანი) კიშან დან დევალი და სსე-ის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი. ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციისა და KfW-ს განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
„ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას მოჰყვება რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა, მისი საიმედოობის გაძლიერება, ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“,- განაცხადა სსე-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.
ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმი“ მშენებლობის პროექტი ფინანსდება KfW-ს განვითარების ბანკის მიერ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ინდური კომპანია KEC International Limited შეასრულებს, ხოლო საზედამხედველო/საინჟინრო მომსახურებას გერმანული საკონსულტაციო კომპანია Fichtner GmbH განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, აშენდება დაახლოებით 103 კმ სიგრძის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე“ და საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი, 34 კმ სიგრძის 400 კვ-იანი ეგხ „ახალციხე-თორთუმი“. შედეგად, გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინტერკონექცია, როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან. პროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას შეუქმნის ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებას.
პროექტის განხორციელების შედეგად, მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოქსელის გამტარუნარიანობა და საიმედოობა, შეიქმნება 500კვ-იანი ენერგეტიკული მაგისტრალის „ენგური-ზესტაფონი-ახალციხე“ სარეზერვო ქსელი, შემცირდება ავარიული გამორთვებისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეუწყობს ხელს.
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა 2025 წელს დასრულდება.
აღნიშნული პროექტი „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში ხორციელდება. ENIP პროგრამის ინვესტიცია მოიცავს KfW-ს განვითარების ბანკის დაფინანსებას „გერმანიის ფინანსური თანამშრომლობა საქართველოსთან” ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის“ (EU NIF) მიერ გამოყოფილ გრანტს. ENIP– ის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 325 მილიონ ევროს შეადგენს. ENIP-ის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს დაახლოებით 500 კილომეტრი სიგრძის გადამცემი ხაზების და 5 ქვესადგურის მშენებლობა/გაფართოებას.