2022-03-17
გიორგი გიგინეიშვილი სომხეთში გამართულ შეხვედრას დაესწრო
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ენერგეტიკის სექტორში საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის განხილვის მიზნით ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში გაიმართა და მას სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.
სომეხმა და ქართველმა კოლეგებმა იმსჯელეს საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებში არსებულ მდგომარეობაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტის დეტალებზე, ხაზი გაესვა დამატებითი ენერგოგადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გადადინების მოცულობასა და ენერგოუსაფრთხოების ხარისხს.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული ბაზრების ფუნქციონირებაზეც, რომლებიც სულ მალე საქართველოში ამოქმედდება და კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს. ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს.