ახალი ამბები

2022-05-23 

ფრანგული ენერგეტიკული კომპანია EDF-ის გაცნობითი ტური

საფრანგეთის ენერგეტიკული კომპანიის EDF - ის მიწვევით, საფრანგეთში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი, პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია და სსე-ის სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გაცნობითი ტური „ენერგიის შემნახველი მოწყობილობების სტრატეგიის შემუშავების პროექტის“ ფარგლებში, სპეციალურად საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებისთვის დაიგეგმა და მასში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ საფრანგეთში არსებული ენერგიის შემნახველი სადგურების საქმიანობას, მათი ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის წესებს. ტურის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რაც გააუმჯობესებს სისტემის მოქნილობასა და საიმედოობას, ხელს შეუწყობს ევროკავშირის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და მდგრადი და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული სექტორის ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ენერგეტიკული კომპანია EDF კონსულტირებას უწევს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების განვითარების კვლევის პროექტში.

franguli-energetikuli-kompania-EDF-is-gacnobiti-turi-small.jpg

კომუნიკაცია