2022-04-21
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი სსე-ში
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს ეწვია და კომპანიის საქმიანობას გაეცნო. მასთან ერთად სსე-ში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა ბოლო წლებში საქართველოს შიდა ქსელის გაძლიერების და გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს, ქარის და მზის ელექტროსადგურების ინტეგრაციის ხელშეწყობისა და გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხებს. სტუმრები ასევე გაეცნენ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელების შედეგად, საქართველო შეძლებს, უფრო მეტად დაძლიოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები და ხელი შეუწყოს ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგების პროცესს.
შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი ელექტროენერგეტიკის ორგანიზებული ბაზრების გახსნაზე, ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივაზე, რაც მკვეთრად გაზრდის ინვესტიციების მოცულობას ენერგეტიკის დარგში.