2021-08-31
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში მიმდინარე სამუშაოები გრძელდება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განაგრძობს სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ქვესადგურებსა თუ ელექტროგადამცემ ხაზებზე ქვეყნის უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად.
ქვესადგურში „წყალტუბო-220“ დასრულდა ატ-2-ისთვის 220 და 110 კვ. უჯრედების მოწყობის სამუშაოები. დამონტაჟებულია სხვადასხვა ზომის ფუნდამენტები, დამიწების კონტური, გზის გადაკვეთებზე მოწყობილია ექვსი საკაბელო ჭა და 74 საკაბელო ღარი. 220 კვ.-ის მხარეს დამონტაჟებულია 220 და 110 კვ. ელ-გაზური ამომრთველები, ექვსი დენის ტრანსფორმატორი, გამთიშველები, ძაბვის შემზღუდველები.
ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანებასთან დაკავშირებით, გარდაბნის 500 კვ. ქვესადგურში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 330 და 220კვ. ფრთის რეკონსტრუქცია. 220კვ.-ის მხარეს უკვე დასრულებულია ლითონის კონსტრუქციების აწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე ხორციელდება დამცავი კედლის სვეტებისთვის ბეტონის საძირკვლების მომზადება. გარდაბნის ქვესადგურში ასევე მიმდინარეობს 330 კვ. უჯრედის და ავტოტრანსფორმატორის სამონტაჟოდ რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობის სამუშაოები.
დასავლეთის განყოფილების ელექტროგადამცემი ხაზების ბრიგადა მუშაობს 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „დერჩი“ ანძებზე დაზიანებული იზოლატორების შეცვლაზე.
ელექტროგადამცემ ხაზზე „ალავერდი“ მიმდინარეობს ,,ალავერდის გაჭრის" პროექტით განსაზღვრული ანძის მოწყობის წერტილებზე ფუნდამენტების მონტაჟი.
აქტიურ რეჟიმში ხორციელდება 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „არაგვი“ გაორჯაჭვიანების პროექტირებისა და მასალა-მოწყობილობების შესყიდვის სამუშაოები.