2021-02-19
სამუშაო შეხვედრები ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეგიდით, 18-20 თებერვალს, ენერგეტიკული კომპანიების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა, რომელთა მთავარ მიზანს ელექტროენერგეტიკის დარგში ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვა, ინფორმაციის მიმოცვლა და სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა. შეხვედრებში მონაწილეობდნენ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის" ხელმძღვანელები.
სამუშაო შეხვედრებზე საუბარი შეეხო საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მთავარ ამოცანებს და ძირითად ასპექტებს, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებსა და თანამედროვე ენერგეტიკული ბაზრის პირობებში, საქართველოს ელექტროგენერაციის სარგებელის მაქსიმალური ზრდის შესაძლებლობას.
ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ უნდა უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება, რაც ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას გულისხმობს.