2021-12-01
საკონსულტაციო კომპანიების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში საკონსულტაციო კომპანიების (Nord Pool Consulting AS, Omnia და SIEMENS) ექსპერტების, სსე-ის თანამშრომლებისა და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია, ელექტროენერგიის ბაზრის წესები, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის დანერგვის მექანიზმები და პროექტის სამოქმედო გეგმა. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
ენერგეტიკული ბაზრის ევროპული მოდელის დანერგვით, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი გახდება უფრო გამჭვირვალე, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის. ენერგეტიკული ბაზარი 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, რაც ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.