2020-01-28
უჩა უჩანეიშვილმა ენერგეტიკის კვირეულში მიიღო მონაწილეობა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და ქართული ენერგოკომპანიების გარდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და სხვადასხვა ქვეყნების ენერგოკომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„საქართველოს ენერგეტიკის კვირეული - 2020“, რომელშიც 15 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლები. ქართული ენერგოკომპანიების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები მათი საქმიანობის შესახებ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა სსე-ის როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ენერგეტიკის სექტორის რეფორმაზე და განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით განსახორციელებელ სამომავლო პროექტებზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალზე, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და განახლებადი ენერგიების ქსელთან მიერთების აუცილებლობის საკითხებზე.
„საქართველოს ენერგეტიკის კვირეული - 2020“-ის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფთხოების გაძლიერებისკენ მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებები.