2020-10-24
ტრენინგები ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების შესახებ
19-დან 23 ოქტომბრის ჩათვლით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ორგანიზებით, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების შესახებ ტრენინგების ციკლი გაიმართა. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგები ონლაინ რეჟიმში, WEBEX პლატფორმის გამოყენებით წარიმართა და მას საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პოტენციურ მონაწილეებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის, ელექტროენერგიის მწარმოებელი საწარმოების წარმომადგენელები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ონლაინ ტრენინგებზე განხილული იქნა ბაზრის ფუნქციონირების პრინციპები და დეტალური პროცედურები, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი და მომსახურების მიმწოდებელი პირების რეგისტრაციის, ნომინაციების განთავსების, საბალანსო სიმძლავრის და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერებში მონაწილეობის საკითხები. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს, ანგარიშსწორების ციკლისა და ბაზრის ელექტრონული პლატფორმის გამოყენების სხვადასხვა პრაქტიკული ასპექტების შესახებ.
ტრენინგის მიმდინარეობისას, განხორციელდა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების სიმულაციური ინსცენირება, რითიც ბაზრის პოტენციურ მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირების სამომავლო მოდელს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი, მუდმივად ცდილობს ბაზრის პოტენციური მონაწილეების ინფორმირებასა და ცოდნის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ბაზრის რეალურ რეჟიმში ოპერირებისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება, რაც ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას.