2020-07-22
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სატრანსფორმატორო პარკის განახლების პროექტი დაასრულა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკის განახლების პროექტის მეორე ეტაპი, რომელსაც სსე საკუთარი ძალებით, სამი წლის განმავლობაში ახორციელებდა, წარმატებით დასრულდა. პროექტის განხორციელება 2017 წელს დაიწყო, როცა ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, სსე-ს კუთვნილ ქვესადგურებში სიმძლავრეების გაზრდის აუცილებლობის საკითხი დადგა. სამი წლის განმავლობაში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დიდი მოცულობის სამუშაოები აწარმოა, რაც 3 რეაქტორის, 8 ავტოტრანსფორმატორის და 11 ტრანსფორმატორის ადგილმონაცვლეობას და მონტაჟს ითვალისწინებდა, ასევე სსე-ის სახსრებით შეძენილი იქნა 7 ახალი ავტოტრანსფორმატორი და 10 ძალოვანი ტრანსფორმატორი.
სატრანსფორმატორო პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სსე-ის კუთვნილ 11 ქვესადგურში დამონტაჟდა თანამედროვე, განახლებული მოწყობილობები, ხოლო ადგილმონაცვლეობის სამუშაოები განხორციელდა 21 ქვესადგურში.
პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად ამაღლდა როგორც კონკრეტული რეგიონების, ასევე მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობა, მომხმარებლების ელექტროენერგიით მომარაგების უსაფრთხოება, საიმედოობა და სტაბილურობა, გაჩნდა ახალი მომხმარებლების ელექტროენერგეტიკულ ქსელზე მიერთების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული თუ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.