ახალი ამბები

2020-12-16 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ SCADA-ს სისტემის განახლების პროექტი დაასრულა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ დაასრულა დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის (SCADA) განახლების პროექტი, რომელიც დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და, ამ მიმართულებით, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებდა.

SCADA-ს სისტემის განახლება „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კონტრაქტორი ფირმის SIEMENS Aktiengesellschaft Oesterreich უშუალო მონაწილეობითა და საკონსულტაციო კომპანიის PWC - PricewaterhouseCoopers Georgia LLC-ის ზედამხედველობით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა SCADA-ს პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა. რეპორტების ავტომატური გენერირებისთვის დაინერგა რეპორტინგის, ხოლო პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში - Spectrum 7 v2.20-ის სისტემა, რაც SCADA-ს ძირითადი მოდულის გარდა, სხვა მნიშვნელოვან მოდულებს, მათ შორის, ავტომატური გენერაციის კონტროლსაც მოიცავდა, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და თავსებადია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის მართვის პროგრამასთან.

პროექტი 2015 წელს დაიწყო და მისი განხორციელების პროცესი ინიცირების, დიზაინისა და იმპლემენტაციის ფაზებისგან შედგებოდა. სამივე ეტაპზე, დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის განახლების სამუშაოები სსე-ის თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, რომელთა მაღალპროფესიონალურმა ჩართულობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროექტის წარმატებით დასრულებაში.

ამ ეტაპზე, SCADA -ს სისტემა ჰარმონიზებულია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის (ENTSO) სტანდარტებთან და პასუხობს სისტემისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს. პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვესადგურებიდან შემოსული მონაცემების გაზომვის, მონიტორინგისა და დისტანციური მართვის თვალსაზრისით, რადგან განახლებული პროგრამა მკვეთრად გააუმჯობესებს ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის პროცესს, უზრუნველყოფს მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლასა და ეფექტურ დისპეტჩირებას.

ssem-SCADA-s-sistemis-ganaxlebis-proeqti-daasrula-1-small.jpgssem-SCADA-s-sistemis-ganaxlebis-proeqti-daasrula-2-small.jpgssem-SCADA-s-sistemis-ganaxlebis-proeqti-daasrula-3-small.jpgssem-SCADA-s-sistemis-ganaxlebis-proeqti-daasrula-4-small.jpgssem-SCADA-s-sistemis-ganaxlebis-proeqti-daasrula-5-small.jpg

კომუნიკაცია