2020-10-10
სამუშაო შეხვედრა ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში
ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ქალაქ თელავში, საინიციატივო ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ელექტროენერგეტიკის და გაზის სექტორში მიმდინარე რეფორმის მიმოხილვა, სახელმწიფო ელექტროენერგეტიკულ კომპანიებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა და ერთობლივი, სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა.
ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმა ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ენერგოუსაფრთხოებას, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას გულისხმობს. პროექტის საშუალებით, შესაძლებელი იქნება მეტი ინვესტიციის მოზიდვა ენერგეტიკის დარგში, დაინერგება ევროპული მოდელი, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის.