ახალი ამბები

2020-02-03 

გასვლითი შემეცნებითი ტური ზუგდიდში

შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალექსანდრე ღურწკაიას სახელობის გიმნაზიას „ჯიჯი“ ესტუმრა და უფროსკლასელებს კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი მოსწავლეებს ესაუბრა სსე-ის როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, კომპანიაში მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტურის განხორციელება 2016 წელს, ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო. თავიდან პროექტი დედაქალაქის სკოლის უფროსკლასელებისთვის ხორციელდებოდა, თუმცა რეგიონის მოსწავლეებისა და პედაგოგების თხოვნის გათვალისწინებით, 2017 წლიდან პროექტი დედაქალაქის საზღვრებს გასცდა და შემეცნებით ტურში რეგიონების სკოლების უფროსკლასელებიც ჩაერთნენ. ამ პერიოდის განმავლობაში, სსე-მ უმასპინძლა ლანჩხუთის, სვანეთის, გურიის, კახეთის, გორის, იმერეთის რეგიონების უფროსკლასელებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლის დიდი ინტერესიდან გამომდინარე კი, სსე-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, თავად ჩასულიყო უფროსკლასელებთან შეხვედრაზე.
"ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ ენერგეტიკის სფეროთი, დეტალურად ავუხსნათ ჩვენი კომპანიის საქმიანობა, რაც შეიძლება მათთვის პროფესიის შერჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს," - განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.

zugdidi1.jpgzugdidi3.jpgzugdidi2.jpgzugdidi4.jpg

კომუნიკაცია