ახალი ამბები

2020-09-03 

ელექტროენერგეტიკული ბაზრის პლატფორმის სიმულაციის ტრენინგ-სესიების გახსნა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი ელექტროენერგეტიკული ბაზრის პლატფორმის სიმულაციის თაობაზე გამართული ტრენინგ-სესიების გახსნაზე სიტყვით წარსდგა. სესიების გახსნა ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გაიმართა და მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, USAID-საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი და ენერგოკომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ტრენინგების მიზანს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი მონაწილეების მომზადება წარმოადგენს, რაც მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად ჩაერთონ ენერგეტიკულ ვაჭრობაში და ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) სავაჭრო პლატფორმის შემუშავებული დემო ვერსიის საშუალებით გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები.

უჩა უჩანეიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ელექტროენერგეტიკული საბალანსო ბაზრის დანერგვის შედეგად, გაიზრდება საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, ენერგეტიკული პოტენციალი, გაჩნდება მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ ბაზრებთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები და გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში.

ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმა, ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას გულისხმობს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას და განსაზღვრავს ფინანსური გარანტიების ოდენობას.

logo GEO-small.jpg

კომუნიკაცია