2019-12-05
უჩა უჩანეიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა სსე-ის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შესაბამისი პროგრამის გავლისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის სტატუსი მიენიჭათ, სერტიფიკატები გადასცა.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონზე დაყრდნობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თანმიმდევრულ ღონისძიებებს ახორციელებს. კომპანიაში იმართება ტექნიკური უსაფრთხოების და ინსპექციის სამსახურის თანამშრომლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანს სამუშაო პროცესებში ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით არსებული რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება წარმოადგენს. რეგიონისა და სათავო ოფისის უსაფრთხოების ინჟინრების მიერ ინსპექტირებისას დაფიქსირებული საფრთხეების საფუძველზე, კომპანიაში უკვე მიმდინარეობს მუშაობა რისკების იდენტიფიცირების და შეფასების ერთიან პროექტზე.
უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მოსალოდნელი საფრთხეების იდენტიფიცირების მიზნით, კომპანია მომავალშიც გეგმავს დასაქმებულთათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას.














