2019-12-06
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ენერგოტრანსი“-ს წლის შემაჯამებელი ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი წლის შემაჯამებელი პრეზენტაციით წარსდგა.
კომპანიის მმართველმა მიმოიხილა 2019 წლის განმავლობაში, შიდა ქსელის გაძლიერებასთან და გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რამაც საქართველოს ენერგოქსელი კიდევ უფრო საიმედო და სტაბილური გახადა. ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თუ საკუთრივ სსე-ის და მისი შვილობილი კომპანიის „ენერგოტრანსი“-ს პირადი რესურსით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დასრულების შემდეგ, საქართველო შეძლებს შიდა ენერგეტიკული რესურსით უპასუხოს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რასაც გაზრდილი ელექტროენერგიის მაჩვენებელი იწვევს. უჩა უჩანეიშვილის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის ტრანზიტი.
კომპანიის მმართველი თავის პრეზენტაციაში შეეხო საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო პროექტის - ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების საკითხს, ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას, რაც მკვეთრად გაზრდის ინვესტიციების მოცულობას ენერგეტიკის დარგში და მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ინვესტორებისთვის საინტერესო ბიზნესგარემოს შექმნის თვალსაზრისით. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2019 წლის ფინანსური შედეგები.