2019-09-23
სამუშაო შეხვედრა საქართველო-სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, საქართველო-სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჰაკობ ვარდანიანი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი საქართველოში პიტერ ვიბლერი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკული სექტორის სხვა წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს საქართველოსა და სომხეთში ელექტროენერგეტიკული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე საკითხების განხილვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო თავისუფალი ბაზრების ფორმირებას, მათ შემდგომ განვითარებას და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის პრინციპებს. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტის დეტალები, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.