2019-07-08
პირველად საქართველოში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „სიგრე საქართველოს“ ორგანიზებით CIGRE სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის (SEERC) მმართველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს“ (CIGRE) შეხვედრა წელს პირველად გაიმართა საქართველოში. ამ მიზეზით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა აღნიშნული გაერთიანების მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, ტექნიკურ სამუშაო ჯგუფებში ექსპერტების შერჩევა თითოეული ქვეყნიდან, მომავალი კონფერენციის ორგანიზების საკითხები, რეგიონალური კითხვარის საბოლოო ვარიანტის შემუშავება და სხვა. შეხვედრის ძირითად თემებში შედიოდა ასევე განახლებადი ენერგიის ქსელში ინტეგრაცია, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ტემპები და მათი დაბალანსების საშუალებები. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს ახალციხის კონვერტორული სადგური, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს.
2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია, რაც CIGRE-ს მკვლევართა ჯგუფებში ქართველი ინჟინრებისა და ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს. იმავე წელს სსე-ის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ტექნიკური ცოდნისა და მონაცემების გაზიარებას ელექტროენერგეტიკის წარმოების, გადაცემისა და განაწილების სფეროში.
CIGRE - საქართველო არის პირველი ეროვნული კომიტეტი, რომელიც რეგიონის მასშტაბით შეიქმნა.