2019-12-23
ინფრასტრუქტურული პროექტი აეროპორტის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის
თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტის უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ დადგენილების საფუძველზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ და სს „თელასმა“ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულეს.
პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ მის საკუთრებაში არსებულ ქვესადგურ „ნავთლუღი-220“-ში მოაწყო თანამედროვე მოწყობილობა/აპარატურით აღჭურვილი 35 კვ. ძაბვის სახაზო უჯრედი, ხოლო სს თელასის მიერ აშენდა 35 კვ-იანი 8,3 კმ სიგრძის საკაბელო ხაზი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ნავთლუღისა და აეროპორტის ქვესადგურებს. პროექტის ფარგლებში, აეროპორტის ქვესადგურში განხორციელდა ამომრთველების, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების, გამთიშველების მონტაჟი.
პროექტი სსე-ის და თელასის თანამშრომლების აქტიური ჩართულობით, დათქმულ ვადებში განხორციელდა და მის მიზანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და უსაფრთხო ენერგომომარაგება წარმოადგენს.