2019-11-26
ENTSO-E-ს ექსპერტების პირველი ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს (ENTSO-E) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, სსე-ის სათავო ოფისში ENTSO-E-ს ექსპერტების მონაწილეობით სემინარი გაიმართა.
სსე-ის წარმომადგენლებმა ექსპერტებს გააცნეს საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული რეფორმების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სსე-სა და ENTSO-E-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რომელიც მიზნად ისახავს უახლოეს მომავალში სსე-სთვის დამკვირვებელი წევრის სტატუსის მიღებას ENTSO-E-ში.
ექსპერტებმა ისაუბრეს გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის საქმიანობის, ევროპული ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი პრინციპებისა და ქსელის წესების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა დაათვალიერეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, რომლის ტექნოლოგიური აღჭურვის დონემ მათი მაღალი შეფასება დაიმსახურა.
საქართველოს ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, სსე-მ ENTSO-E-სგან მიიღო შეთავაზება წევრობის მიღმა თანამშრომლობის პროგრამაში ჩართვის შესახებ. პროგრამის მიზანია სსე-ის საჭიროებებზე მორგებული სამუშაო შეხვედრებისა და ტრენინგების ორგანიზება, ევროპული ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
ENTSO-E-სთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. თანამშრომლობის ფარგლებში, სსე-ს შესაძლებლობა აქვს გაუზიაროს გამოცდილება ევროპის მასშტაბით მოქმედ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდას, ასევე გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას და ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.



