2019-09-16
ეგხ-ზე „ახალციხე-ბათუმი“ მიმდინარე სამუშაოები
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი ახალციხე-ბათუმის დამაკავშირებელ ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
„ახალციხე-ბათუმის" მშენებლობის პროექტი მოიცავს დაახლოებით 145კმ სიგრძის, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ახალციხიდან ბათუმის ქვესადგურამდე. პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი, რომელიც ბათუმი - შუახევის 52 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობდა, უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალციხე - შუახევის 94 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, პროექტის დამთავრება კი 2021 წელს იგეგმება.
პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ხარისხი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევები და ხელი შეეწყობა აჭარის ტურისტულ ზონაში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.