2022-07-01
კონფერენცია განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ
„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ ფარგლებში სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია და პანელური დისკუსია გაიმართა. კონფერენციას სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების დეპარტამენტის უფროსი არჩილ კოხტაშვილი ესწრებოდნენ.
კონფერენცია გახსნეს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
სსე-ის წარმომადგენელმა არჩილ კოხტაშვილმა, რომელიც კონფერენციის მეორე პანელში მომხსენებლად იყო წარმოდგენილი, ისაუბრა განახლებადი ენერგიის წყაროების ენერგოსისტემასთან მიერთების შესაძლებლობებზე და ამ შესაძლებლობების გაზრდისთვის საჭირო ღონისძიებებზე.
„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს ენერგობაზრის განვითარების მიზნით 2021 წელს დაიწყო და ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება.