2024-03-15
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ გრძელდება შემეცნებითი ტურები თბილისისა თუ რეგიონის სკოლების უფროსკლასელთათვის. ამჯერად კომპანიამ STEM მიმართულებით და ენერგეტიკით დაინტერესებულ უფროსკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეები სსე-ს „ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში ესტუმრნენ, რომელსაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ენერგეტიკაში“ ჩართულობით ახორციელებს.
უფროსკლასელებმა მოინახულეს კომპანიის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. ჩაუტარდათ პრეზენტაცია ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე და ქალების ჩართულობაზე ენერგეტიკაში. მოისმინეს ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში მისი მნიშვნელობის შესახებ. მიიღეს ინფორმაცია სსე-ის სასწავლო ცენტრის შესახებ, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას, შემდგომ კი კომპანიაში საქმდებიან.
ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, სსე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას ახორციელებს. ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები, ინფორმაცია მიაწოდოს დარგში არსებულ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, მათთვის პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.