საერთაშორისო შეთანხმებები
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების: თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის და ავარიულ რეჟიმში დახმარების კუთხით. უფრო მეტიც, სსე ურთიერთობს ევროკავშირის რამდენიმე გადამცემი სისტემის ოპერატორთან, ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ორგანიზების, ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით.
ამავე დროს, სსე ჩართულია რუსეთთან, სომხეთთან და ირანთან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობების კვლევის პროცესში.
სსე-ს მიერ, მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ხელმოწერილი იქნა შესაბამისი ხელშეკრულებები, აღნიშნული ქვეყნების ენერგოსისტემებთან პარალელური მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველომ და თურქეთის რესპუბლიკამ გააფორმეს საერთაშორისო ხელშეკრულებები ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისა და შესაბამისი ურთიერთდამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის ოპერირების შესახებ.
გარდა ამისა, სსე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან:
- 2022 წლის 27 ივლისს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმდა 1 550 000 ევროს ღირებულების საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოხმარდეს:
I. „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“-ის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება-განხორციელებას (RAP), და განსახლების საერთაშორისო ექსპერტის დანიშვნას;
II. „საქართველოს ენერგეტიკური სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ელ.გადამცემი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და გაფართოებას, ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას (მ.შ. ტექნიკური, გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება).
- 2020 წლის 2 ივნისს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმდა 80 000 ევროს ღირებულების საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში უნდა მოხმარდეს:
I. ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მომზადებას;
II. დაგეგმილი ღონისძიებებისათვის გარემოსა და სოციალური ზეგავლენის შეფასებას;
III. დამატებითი წინამოსამზადებელი ღონისძიებების ანალიზს ახალი განახლებადი ენერგიების სფეროში საპილოტე პროექტისათვის.
- 2019 წლის 26 აგვისტოს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” შორის ხელი მოეწერა 1,4 მილიონი ევროს ღირებულების გრანტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა:
> AGIR-ის დამატებითი კვლევის ჩატარება - კონსულტანტი Fichtner GmbH
> არსებული ელექტრო გადამცემი ხაზების მდგომარეობის კვლევა
> ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების და სოციალური კვლევის ჩატარება კახეთის რეგიონში.
- 2019 წლის 18 ივლისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ხელი მოეწერა 1 მლნ ევროს ღირებულების გრანტს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა:
I. „ორგანიზაციული და საოპერაციო მხარდაჭერა სსე-სთვის“
II. „სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით სსე-ს შესაძლებლობების გაძლიერება“ III. სსე-სთვის ქვესადგურების და ხაზების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ხელსაწყოების და აპარატურის შესყიდვა.
- 2019 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობასა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა 100 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც იმავე დღეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ და KfW-მ (სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლობამ) გააფორმეს საპროექტო ხელშეკრულება. აღნიშნული სესხით დაფინანსდება კახეთის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ასევე განხორციელდება ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს.
- 2018 წლის 23 აგვისტოს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა 460 000 ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას. გერმანიის მთავრობამ აღნიშნული გრანტი „ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“-ის და „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში დაამტკიცა და ის მოხმარდება გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების დამატებით კვლევებს.
- 2017 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელი მოეწერა „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროგრამის“ დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას.
პროგრამის თანადაფინანსების მიზნით, ევროკავშირმა სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის საშუალებით (EU NIF) გამოყო 9,9 მლნ ევროს (დაახლოებით 28 მლნ ლარი) ოდენობის გრანტი. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურების ქსელის ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მოცულობის გაზრდა. აღნიშნული გრანტის ნაწილით დაფინანსდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის გადამცემი ხაზის მშენებლობის ნაწილი და პროგრამის ტექნიკური დახმარება. - 2017 წლის 1 ნოემბერს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა საფინანსო ხელშეკრულებას 910 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით, რომელიც გერმანიის მთავრობამ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში დაამტკიცა.
აღნიშნული გრანტი მოხმარდება 100 მლნ. ევროს ოდენობის ახალი სესხის მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას და ტექნიკურ დახმარებას დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად. ხოლო, სესხით, დაფინანსდება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.
აღნიშნული პროგრამა გულისხმობს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის გზით, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტის განხორციელებას. პროექტები აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება. - 2017 წლის 13 აპრილს, საქართველოსა (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს სახით) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის გაფორმდა 125 მილიონი ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“-ის განხორციელებაზე.
- 2016 წლის 19 დეკემბერს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა საფინანსო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის მთავრობამ, (KFW-ს საშუალებით), გამოყო 1 200 000 ევროს ოდენობის გრანტი, „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“-ის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და პირველადი დიზაინის მომზადების დასაფინანსებლად.
- 2016 წლის 19 დეკემბერს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა საფინანსო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის მთავრობამ (KFW-ს საშუალებით) გამოყო 200 000 ევროს ოდენობის გრანტი „ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტი II“-ის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების დასაფინანსებლად.