ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობა
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოებას და საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან.
შეთანხმებით გათვალისწინებული იყო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი , რაც საქართველომ გადადგა ევროპასთან ინტეგრაციის და ენერგეტიკული სექტორის განვითარების პროცესში, არის საქართველოს მიერთება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან. 2016 წლის 14 ოქტომბერს, სარაევოში, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-14 შეხვედრაზე, ერთხმად დამტკიცდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს სახელით, ხელი მოაწერა ოქმს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, ოქმი ძალაში შევიდა 2017 წლის 21 აპრილს.
ორგანიზაციაში საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობდა.
საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე მოლაპარაკებები 2014 წელს დაიწყო, ხოლო მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი, რომელიც საერთო ხედვისა და მიდგომების განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით კონსტრუქციული იყო, 2016 წლის მაისში გაიმართა.
კანონმდებლობის ჰარმონიზაცია
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების ოქმი და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკაშირის მოთხოვნებთან, რომელთა მიზანია ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება. აღნიშნულ დოკუმენტებში პირდაპირ არის მითითებული ევროკავშირის ის დირექტივები და რეგულაციები რომელთა იმპლემენტაციის ვალდებულება ეკისრება საქართველოს. ელექტროენერგეტიკულ სექტორში ეს დოკუმენტებია:
- ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/54/EC დირექტივის გაუქმების შესახებ;
- ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის N714/2009 (EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ქსელზე დაშვების პირობებისა და 1228/2003 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ;
- 2006 წლის 18 იანვრის 2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ.
ჩამოთვლილი აქტების იმპლემენტაციის მიზნით, ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავდა და ამოქმედდა შემდეგი სამართლებრივი აქტები:
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების შესახებ“ წესები;
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილებით დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“.
2022 წლის დეკემბერში დასრულდა „სუფთა ენერგეტიკული პაკეტის“ ინკორპორირება ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობაში. ენერგეტიკულმა გაერთიანებამ 2019/941 რეგულაცია სავალდებულო გახადა ხელშემკვრელი მხარეებისთვის. საქართველო პირველი იყო ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოებიდან, რომელმაც აღნიშნული რეგულაცია გადმოიტანა ეროვნულ კანონმდებლობაში. რეგულაციის გადმოტანა სამ დანართთან ერთად მოხდა 2020 წლის 2 დეკემბერს დამტკიცებული „ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების წესების“ ( შემდგომში - „მიწოდების წესები“) სახით. მისი ძირითადი დებულებები მომზადდა სსე-ს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში - „სამინისტრო“) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობის შედეგად.
2019/941 რეგულაციის ტრანსპოზიციის ფარგლებში სსე აქტიურად იყო ჩართული ელექტროენერგიის მიწოდების ანგარიშის მომზადებაში, რომლის გამოქვეყნების ვალდებულებასაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონის 138-ე მუხლის მე-2 პუნქტი აკისრებს სამინისტროს. აღნიშნული ანგარიში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან ინტენსიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის შედეგად პირველად 2021 წელს, ხოლო მეორედ 2024 წელს გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე.
აღნიშნული რეგულაციის ტრანსპოზიცია დასრულდა რისკებისადმი მზადყოფნის გეგმის დამტკიცებით, რომლის პროექტის შექმნის ვალდებულებაც მიწოდების წესების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით სსე-ს დაეკისრა. გეგმის პროექტი სსე-მ ენერგეტიკული გაერთიანებისა და EU4Energy- ის დახმარებითა და დაფინანსებით შეიმუშავა. რადგანაც, დოკუმენტი შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მიზანშეწონილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ე.ა) პუნქტის თანახმად დასაიდუმლოვდეს, გეგმის ორი ვერსია შეიქმნა. ენერგეტიკულმა გაერთიანებამ დოკუმენტი მოიწონა და დაადგინა, რომ მისი შინაარსი და სტრუქტურა შეესაბამებოდა 2019/941 რეგულაციის მოთხოვნებს. გეგმის საჯარო ვერსია 2024 წლის ივლისში გამოაქვეყნა სამინისტრომ.
2024 წელს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაიწყო (EU) 2022/869 Trans-European Energy Infrastructure (შემდგომში - „TEN-E“) რეგულაციის ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიცია. აღნიშნული რეგულაციის გადმოტანა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განსახორციელებლად. მსოფლიო ბანკმა მოამზადა TEN-E რეგულაციის პირველადი პროექტი, რომელშიც ასახულია ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ადაპტირებული დათქმები. აღნიშნული პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სსე-ს თანამშრომლებთან ერთან მონაწილეობენ სხვა რელევანტური უწყებები.