საერთაშორისო ურთიერთობები

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს კავკასიის რეგიონში ენერგეტიკულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრის პროცესში. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს და უზრუნველყოს საქართველოს რეგიონულ ელექტროენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის შემდგომი ინტეგრაციის კუთხით, კომპანია თანამშრომლობს მეზობელ პარტნიორებთან თურქეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რაც უზრუნველყოფს, როგორც საიმედო და უსაფრთხო ოპერირებას, ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის განხორციელებას, ასევე ავარიულ სიტუაციებში ურთიერთდახმარებას.

ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისა და მასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან, ერთი მხრივ ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას, მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების, მეორე მხრივ კი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმის შესაბამისად.

ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ორგანიზებისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სსე ცდილობს, ურთიერთობა გააღრმავოს მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან.