ელექტროგადამცემი ქსელის მართვა

სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, კომისიის მიერ 2021 წლის 4 მარტის N9/10 გადაწყვეტილებით განხორციელდა სსე-ს წინასწარი სერტიფიცირება გადამცემი სისტემის ოპერატორად, ხოლო კომისიის 2021 წლის 13 მაისის N20/1 გადაწყვეტილებით სსე-ზე გაცემულ იქნა ელექტრონერგიის გადაცემის ლიცენზია, რომელიც ძალაში შევიდა 2021 წლის 1 ივლისიდან. შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან სსე-ს მიმართ ამოქმედდა გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი. ამ სტატუსის შესაბამისად, კომპანია ეწევა ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის საერთო კოორდინაციას და ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებას. სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის პროცესს და აქტიურად თანამშრომლობს მათი გადამცემი სისტემების ოპერატორებთან.

სსე, როგორც გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორი, პასუხისმგებელია, რეალურ დროში, ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსებასა და ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებაზე.

დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, კომპანია ახორციელებს სასისტემო მნიშვნელობის ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ცალკეული ელემენტების გამორთვას და საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მიწოდების დროებით შეზღუდვას. ამზადებს რელეური დაცვის სქემებს და აანალიზებს ქსელში მომხდარ ავარიებს.

სსე-ს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ენერგეტიკული რესურსების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, კოორდინაციას უწევს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების საქმიანობას. ასევე, მართავს გადამცემ ქსელს სტანდარტულ და ავარიულ სიტუაციებში.