რას ვსაქმიანობთ

სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4382,66 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 4 რეგიონული ფილიალი (აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთის და კახეთის რეგიონული ქსელები). სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს.

სსე-ს აქციების სრულ პაკეტს ფლობს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“, ხოლო ორგანიზაციის მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას. ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე.

სსე-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • ელექტროენერგიის გენერაციისა და მოხმარების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ელექტროგადამცემ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფა;
  • ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება (საერთაშორისო და შიდა ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა);
  • ელექტროგადამცემი ქსელის ტექნიკური მხარდაჭერა.

მნიშვნელოვანი ფაქტები:

  • სსე-ს აქციათა 100%-ის მფლობელია სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“;
  • სსე-ს მართვის უფლება გადაცემული აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს;
  • სსე-ს საქმიანობას არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია;
  • სსე-ს ჰყავს ერთი შვილობილი კომპანია - ,,ქარჩალ ენერჯი“ (საქმიანობს თურქეთის ტერიტორიაზე).

ორგანიზაციის საოპერაციო შემოსავალს შეადგენს კვალიფიციური საწარმოებისთვის ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის მომსახურების სანაცვლოდ მიღებული ფულადი სახსრები.

კომპანიაში დასაქმებულია 1 400-მდე თანამშრომელი. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, ბარათაშვილის №2-ში.