2015-09-04
”საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა”
დღეს, 4 სექტემბერს, სასტუმრო ”რადისონში”, ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ საქართველოს მთავრობის წევრებს, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს, დარგის ინვესტორებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზიებს ”საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა” წარუდგინეს.
”საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა” წარმოადგენს ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერების დროში გაწერილი პროგრამას, რომელიც ელექტროგადამცემ ქსელში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და მომავალი გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება.
”საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა” წარმოადგენს ევროპული გაერთიანებული ენერგოსისტემის ENTSO-E განვითარების ათწლიან გეგმასთან ინტეგრირებისთვის მზაობას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გეგმაში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში. გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ენერგეტიკული კვანძი გახდეს.
”ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხო, გამართული და თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხოება ელექტრომომარაგების 24-საათიანი, უწყვეტი რეჟიმით. ის პროექტი, რაც არის დასახული ჩვენს და”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ, პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, დარგის განვითარებისთვის. ჩვენ შევძლებთ რომ საქართველო უახლოეს ხანში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა”,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
”საქართველოში ელექტროენერგიაზე მოხმარება იზრდება და ამ ზრდას ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ, იმ გენერაციის წყაროების მიერთებით ქსელთან, რა პოტენციალიც საქართველოს გააჩნია. სწორედ ამ საკითხებზე წარმოვადგინეთ დღეს ჩვენი ხედვა ”საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის” სახით,” – განაცხადა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.