2015-10-16
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
დღეს, 16 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის საელჩოს და საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროს მაღალი დონის წარმომადგენელი რობერტ აიქორდი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის USAID-ის პროგრამასთან თანამშრომლობის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერილი სხვა პროექტების შუალედური შედეგების შეჯამება განხორციელდა. სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ – სულხან ზუმბურიძემ ამერიკელ კოლეგებს ბოლო ათი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე, გენერაციის ახალ წყაროებზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
სულხან ზუმბურიძემ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში შეტანილი წვლილისთვის, უპრეცედენტო ტექნიკური და ფინანსური დახმარებისათვის, რომლის შედეგადაც სსე-ში განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების „სენაკი-1,2“ მშენებლობა და შესაბამისი ქვესადგურების „მენჯი“ და „წყალტუბო“ რეაბილიტაცია; ტრანსფორმატორების მონიტორინგის სისტემის პროექტი; ავარიული სიტუაციების მართვის სისტემის გაფართოება; სსე-ის კუთვნილი 10 ქვესადგურის დაცვისა და მართვის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი; 35/10/6 კვ გამანაწილებელი მოწყობილობის შესყიდვა სსე-ის 12 ქვესადგურისთვის; გამჭიმი მოწყობილობის შესყიდვის პროექტი.
,,უკანასკნელი წლების განმავლობაში, ენერგეტიკის სამინისტროსთან და სემეკთან ერთად, ჩვენი კომპანია აქტიურად ჩართულია ქვეყნის ახალი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელის ფორმირებაზე მუშაობის პროცესში. ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან, რომ შევიძინოთ შესაბამისი ცოდნა სხვადასხვა ფორმატით ორგანიზებულ ფოკუს-ჯგუფების საშუალებით. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ჯგუფი, შავი ზღვის ქვეყნების პროექტის ჯგუფი და ა.შ ამიტომ ეს ვიზიტი კომპანიისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და იმედს გამოვთქვამთ, რომ ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება,“- განაცხადა სულხან ზუმბურიძემ.

