2015-12-09
სსე-ის რეგიონალური ქსელები ზამთარს მომზადებული ხვდება
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” (სსე-ს) მენეჯმენტმა დაიწყო ტრადიციული, წლის შემაჯამებელი შეხვედრები რეგიონალური ქსელების ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან მათი ანგარიშის მოსასმენად და იმის გასარკვევად, თუ როგორი მომზადებული ხვდება ზამთრის სეზონს ცალკეული რეგიონალური ქსელი.
2015 წლის 8 დეკემბერს სსე-ს მმართველთა საბჭო, საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, თბილისისა და ქვემო ქართლის რეგიონალურ ქსელებს ეწვია.
თბილისის რეგიონალური ქსელის ხელმძღვანელმა დავით ლაგრაძემ და ქვემო ქართლის რეგიონალური ქსელის ხელმძღვანელმა გელა კეზუამ 2015 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარადგინეს. ისაუბრეს განხორციელებული პროექტების შესახებ და აღნიშნეს, რომ თბილისის და ქვემო ქართლის რეგიონალური ქსელები ზამთრის სეზონს მაქსიმალურად მომზადებული ხვდება, ყველაფერი გაკეთდა ქსელებში ავარიების რიცხვის შესამცირებლად და ფორს-მაჟორის შემთხვევაში დაზიანების კერის უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად.
მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ შეხვედრის მონაწილე თანამშრომლებს გააცნო კომპანიაში განხორციელებული სამუშაოები, მიღწეული წარმატებები და ესაუბრა სამომავლოდ დასახულ გეგმებზე. სულხან ზუმბურიძის თქმით, ყველაფერი კეთება კომპანიის მასშტაბით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, იმისთვის, რომ საქართველოს ენერგოქსელი უფრო მეტად მდგრადი და საიმედო იყოს, ასევე იმისთვის, რომ თანამშრომელთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და მათ დაკისრებული სამუშაოს შესრულება უსაფრთხო, მოხერხებულ და კომფორტულ გარემოში უწევდეთ.
სსე-ს მენეჯმენტმა რეგიონალური ქსელების გარდა მოინახულა ქვესადგურები: ”გლდანი 220”, ”დიდუბე 220”, ”რუსთავი 220”, ”მარნეული 220”, მშენებარე ქვესადგური ”მარნეული 500” და დაათვალიერა აღნიშნულ ქვესადგურებში განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები.
კომპანიის მენეჯმენტის მსგავსი შეხვედრა თანამშრომლებთან სათაო ოფისსა და ყველა რეგიონალურ ქსელშია დაგეგმილი.