2015-12-08
სსე-ის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ესტუმრა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის სულხან ზუმბურიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ესტუმრა.
ხუთდღიანი სამუშაო ვიზიტი მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის „TATA POWER”-ის მიწვევით, მუმბაიში და დელიში მიმდინარეობდა. კომპანია „TATA POWER” ნორვეგიელ კოლეგებთან და საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებთან ერთად, აფინანსებს „აჭარისწყლის კასკადის“ მშენებლობის მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტს საქართველოში.
სამუშაო შეხვედრები ჩატარდა ქალაქ მუმბაიში, „TATA POWER”-ის სათაო ოფისში, სადაც მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორც მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ კოლეგებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო და ქვეყანაში ელექტროენერგიის ზრდის დინამიკაზე ისაუბრა. კომპანიის ხელმძღვანელმა და მმართველმა დირექტორმა ბატონმა ანილ სარდანამ განიხილა ენერგეტიკული საკითხების მთელი სპექტრი, დაწყებული საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით , დამთავრებული ინდოეთის ელექტროენერგიით ვაჭრობის სპეციფიკით, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში პროექტების რეალიზაციის პერსპექტივებზეც.
ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ესტუმრა 1000 მეგავატიანი ნახშირის ქვესადგურს და ქალაქ მუმბაის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის სადისპეტჩერო ცენტრს. სამუშაო შეხვედრები ჩატარდა დედაქალაქშიც, „TATA POWER”-ის შვილობილი კომპანიის „TATA POWER TRADING” ოფისში, რომლის საქმიანობის სფეროს ელექტროენერგიით ვაჭრობა წარმოადგენს. სსე-ის გუნდი გაეცნო ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის მუშაობის პრინციპებს, მათ შორის, ესტუმრა ინდოეთის ენერგეტიკულ ბირჟას (Indian energy exchange), სადაც ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა ინდოეთში ელექტროენერგიით ვაჭრობის ინსტრუმენტების დანერგვის გამოცდილებასა და პერსპექტივებზე.
სსე-ს დელეგაცია ეწვია ABB-ს ტექნილოგიების გამოყენებით აგებულ მაღალი ძაბვის ახალ ქვესადგურს, რომელიც 6000 მგვტ-ის სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართის საშუალებით უკავშირდება ბანგლადეშს და თავს უყრის ერთად ათეულობით მაღალი ძაბვის ხაზს 220 კვ-იდან 750 კვ-მდე . შეხვედრები ასევე გაიმართა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებელ ენერგეტიკულ კომპანიასთან – Powerlinks transmission limited, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე წარმატებით ახორციელებს მათ მშენებლობა/ექსპლუატაციას. კომპანია Powerlinks transmission limited-ის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ჯაიანთ ტიკუმ გააცნო სტუმრებს თავიანთი სამშენებლო პრაქტიკის მრავალი საინტერესო ასპექტი და აღუთქვა ქართულ მხარეს მხარდაჭერა სამომავლო სისტემათაშორისო პროექტების რეალიზაციაში.
ასევე გაიმართა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის – სულხან ზუმბურიძის მიზნობრივი შეხვედრები საქართველოში მოღვაწე 3 ინდურ სამშენებლო კომპანიასთან, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე ახორციელებენ სასისტემო დანიშნულების მნიშვნელოვანი გადამცემი ხაზების პროექტებს. შეხვედრებზე დეტალურად შეჯერებულ იქნა საქართველოში მიმდინარე მშენებლობის პროექტებში გამოვლენილი პრობლემები და დაისახა მათი მოგვარების უსწრაფესი გზები.