2015-06-17
ქვესადგურის “ჯვარი- 500/220 კვ” მშენებლობის დაწყების ღონისძიება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, კომპანია “ენერგოტრანსის” დირექტორი კახა სეხნიაშვილი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და ევროგაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, პროექტის “ჯვარი-ხორგას” ფარგლებში ქვესადგურის “ჯვარი- 500/220 კვ” მშენებლობის დაწყებისა და “რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის” ფარგლებში ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის კონტრაქტის გაფორმებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
ღონისძიება გახსნა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელმაც კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ დაწყებული 500/220 კვ. ქვესადგურის “ჯვარი” მშენებლობა ჯვარი-ხორგას უმნიშვნელოვანესი პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც მოიცავს:
- 500 მვა სიმძლავრის, 500/220 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობას ჯვარში.
- საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველი, ორჯაჭვა 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის (”ლია 1,2”), 8 კმ სიგრძის მშენებლობას. გადამცემი ხაზი ქვესადგურ „ჯვარს“ დააკავშირებს არსებულ 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზთან “კავკასიონი”.
- 60 კმ. სიგრძის 220 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის (”ოდიში 1,2”) მშენებლობას ქვესადგური „ჯვარიდან“ 220 კილოვოლტიან ქვესადგურ „ხორგამდე“.
პროექტის მიზანია 220 კილოვოლტიანი ქსელის იმედიანობის გაზრდა და დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია; ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ელექტრომომარაგების საიმედოობის ამაღლება და გაზაფხულის წყალმეტობის პერიოდში საექსპორტო ელექტროენერგიის სიმძლავრეების უზრუნველყოფა; ელექტროგადამცემი ხაზით “კავკასიონი” გადასაცემ და მისაღებ სიმძლავრეებზე სრული კონტროლის უზრუნველყოფა და მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობის და სტაბილურობის გაზრდა. პროექტის განხორციელებით შეიქმნება მოქნილი და მომგებიანი ენერგოგაცვლის ქსელი დასავლეთ საქართველოში, საგრძნობლად გაუმჯობესდება საერთაშორისო და ადგილობრივი მომსახურების ხარისხი და საიმედობა. და, რაც მთავარია, ინვესტორებისთვის მომხიბვლელი გახდება ენგურის ხეობაში ასაშენებელი ჰიდროელექტროსადგურების ინვესტირების საკითხი.
ჯვარი-ხორგას პროექტის დამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი (NIF), გერმანიის განვითარების ბანკი (KfW). პროექტის ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში, ჯვარის 500-220 კვ ქვესადგურის მშენებლობას სოფელ ლიას მიმდებარე ტერიტორიაზე პორტუგალიური ფირმა ეფასეკი (EFACEC) ახორციელებს, ხოლო 200 და 500 კვ ორჯაჭვა ხაზების მშენებლობის კონტრაქტორია ინდური ფირმა Jyoti construction.
ჯვარი-ხორგას პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყო, ხოლო მისი დასრულება 2016 წლისთვისაა გათვალისწინებული.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობას ახორციელებს. პროექტს „აზიის განვითარების ბანკი“ აფინანსებს და მისი ღირებულება 11,9 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Siemens-ი აწარმოებს. ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის გაზრდას. პროექტი დაიწყო 2014 წელს და მისი დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
ღონისძიებაზე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ს, მის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსსა” და ფინურ-ინდურ კონსორციუმ ELTEL-EMC-ს შორის ხელი მოეწერა ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის მე-2 კომპონენტს: ყაზბეგის ურთიერთდამაკავშირებელ პროექტს – “500 კილოვოლტის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ქსანის ქვესადგურიდან სტეფანწმინდამდე”. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი, 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას. სტეფანწმინდას (ყაზბეგის) მახლობლად მიმდინარეობს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა გეგმიური ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 400-500 მგვტს. დაფინანსება ხორციელდება გერმანიის განვითარების ბანკის საშუალებით და სავარაუდო ღირებულებაა 25 მლნ ევრო. ხაზის სიგრძე დაახლოებით 100 კმ-ია. პირველ ეტაპზე ელექტროგადამცემი ხაზი იმუშავებს 110 კილოვოლტ ძაბვაზე ხოლო სტეფანწმინდის ქვესადგურის აშენების შემდეგ – 500 კილოვოლტის რეჟიმში.პროექტის დასრულება დაგეგმილია 2017 წლის მაისისათვის.