2015-07-31
ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი (ADB) ქეით ჯულიანი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ქვესადგური „ხორგას“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის “ხორგა“ მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12 მლნ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია Siemens-ი აწარმოებს.
ქვესადგურ ”ხორგა”-ს მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას; ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, აზიის განვითარების ბანკს, კომპანია Siemens-ის წარმომადგენლებს, მადლობას ვუხდი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს, მის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან არის ჩართული ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკულად ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი ქვეყანა.“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა – ბატონმა კახა კალაძემ.