2015-11-20
სულხან ზუმბურიძემ წლიური შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა
2015 წლის 20 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ენერგეტიკული კომპანიების: „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს და „თელასი“-ს მუშაობის წლიური ანგარიშების წარდგენა გაიმართა.
შეხვედრაზე პრეზენტაციები გააკეთეს ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ თავის პრეზენტაციაში სსე-ის მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული პირველადი და მეორადი ქსელის რეაბილიტაციის შესახებ ისაუბრა.
„წლის განმავლობაში კომპანიაში დიდი მოცულობის სამუშაო შესრულდა, აშენდა ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „ხორგა1-2“ 12,8კმ-იანი მონაკვეთი, გარდაბნის, მენჯის, ბათუმის, გლდანის და მარნეულის ქვესადგურებს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-ზე მეტ ანძას, დამონტაჟდა 114 კმ სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, ელექტროგადამცემ ხაზებზე განხორციელდა კოროზირებული ადგილების ფირფიტებით გამაგრება. დაიწყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოქსელის იმედიანობასა და უსაფრთხოებას, ახალი გენერაციის ობიექტების ქსელთან მიერთებას და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას.“ – განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ – სულხან ზუმბურიძემ.
ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი ბატონი კახა კალაძე, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.