2015-02-12
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროგადამცემ ხაზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.
საექსპლოატაციო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ელექტროგადამცემ ხაზებზე: „დერჩი-სათაფლია“, ,,კოლხიდა-1“ და ,,ლიახვი“.
2014 წელს ელექტროგადამცემ ხაზზე „პალიასტომი-1“ სამეგრელოდან – გურიის რეგიონამდე განხორციელდა არსებული, დაზიანებული მეხდამცავი გვარლის შეცვლა – ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით.
2014 წელს რეაბილიტირებული გვარლის სიგრძემ 27 კმ შეადგინა. 2015 წელს დაგეგმილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის აჭარის მაღალმთიანეთის გავლით ბათუმის რეგიონამდე ჩაყვანა, რითიც დასრულდება აღნიშნული პროექტი და სრულად რეაბილიტირებული გვარლის საერთო სიგრძე 110 კმ. იქნება.
პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ელექტროგადამცემი ხაზები გადამეტძაბვებისაგან და ქვესადგური ,,ბათუმი-220“ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დავაკავშიროთ სკადას სისტემებთან.
პროექტს ელექტროგადამცემი ხაზების სარეაბილიტაციო ჯგუფი ახორციელებს, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში 2014 წლის ბოლოს შეიქმნა და აღნიშნული პროექტის გარდა, წარმატებით განახორციელა 110 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ,,კოხრა-2“ სრული რეაბილიტაცია.