2015-10-08
რუსეთის ”ფედერალური საქსელო კომპანიის” წარმომადგენლების ვიზიტი ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში
6 ოქტომბერს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-ში გაიმართა საქმიანი შეხვედრა რუსეთის საჯარო სააქციო საზოგადოება ”ფედერალური საქსელო კომპანიის” წარმომადგენლებთან. აღნიშნული ენერგეტიკული კომპანია წარმოადგენს რუსეთის გადაცემის ლიცენზიანტს და დაინტერესებულია საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის ტრანზიტის შესაძლებლებლობებით საქართველოს გადამცემი ქსელის გამოყენებით.
შეხვედრაზე განხილული იქნა ენერგოსისტემაში მიმდინარე პროცესები და პერსპექტივები რეგიონალურ პროექტებთან დაკავშირებით. განხილვის ერთერთ თემას წარმოადგენდა საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი ახალი, 500 კვ, მაღალი გადამცემი ხაზის ”ყაზბეგი-მოზდოკის” მშენებლობის საკითხი. აღნიშნულ ხაზთან დაკავშირებით, შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება მომდევნო წლის დასაწყისში მორიგი, უფრო დეტალური სამუშაო შეხვედრის დაგეგმვის შესახებ, სადაც მოხდება ტექნიკური ხასიათის საკითხების განხილვა.
ასევე განიხილეს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი, ახალი, 500 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის მიმდინარეობაც, რომელიც ასევე მშენებარე ქვესადგურიდან ”მარნეული-500” გამოვა და სომხეთთან და მის მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტ-ტრანზიტისთვის კიდევ ერთი, დამატებითი ტექნიკური შესაძლებლობა გახდება.
”აღნიშნული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან განხილული იქნა ელექტროენერგიის საქართველოს გავლით ტრანზიტის პერსპექტივები. ტრანზიტის რეგიონალური მასშტაბით განსახორციელებლად კი ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხო, გამართული და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელიც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს და საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გახდეს მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძი რეგიონში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბიუჯეტში თანხის შემოდინებას,”- განაცხადა ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.