ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა (ENIP)

ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც განხორციელდება 2023 წლის ჩათვლით. პროგრამის მთლიანი ინვესტიცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებით (KfW), შეადგენს 234.9 მილიონ ევროს. აღნიშნული თანხა ასევე მოიცავს 9.9 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც გამოიყო „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (NIP) ფარგლებში, ინვესტიციების განხორციელებისა და ტექნიკური დახმარების დაფინანსების მიზნით.

სსე (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) პასუხისმგებელია რამდენიმე ქვეპროექტის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით.

ENIP-ის ფარგლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მთელი საქართველოს მასშტაბით, კერძოდ, იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში აშენდება, გაფართოვდება ან აღდგება ცამეტი ქვესადგური და 561 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი.

მოკლე ისტორია

საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლებში განხორციელებული ფინანსური თანამშრომლობის პროგრამების საშუალებით. ელექტროგადამცემი ქსელის სტაბილურობისა და თურქეთის მიმართულებით დამატებითი გამტარუნარიანობის გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს ეკონომიკა.

2016 წლის 1 ივლისს, ძალაში შევიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის ფარგლებში, საქართველოს დაეკისრა ვალდებულება: კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკული ქსელი; გააუმჯობესოს ენერგოეფექტურობა და განავითაროს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება; ასევე ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის ბაზრის ევროკავშირის ბაზართან ინტეგრაციას, გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოება.

საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობა

ელექტროენერგეტიკულ სექტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე მოსახლეობის ძირითადი საჭიროების უზრუნველსაყოფად. ელექტროენერგიის დაახლოებით 80%-ს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებს, რაც ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტს, ხოლო ზაფხულში - ექსპორტს გულისხმობს (ძირითადად, თურქეთში, რუსეთსა და სომხეთში). ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს მთავრობის ძირითად მიზანს ელექტროენერგიის (ძირითადად ჰიდროენერგიის) გამომუშავების მნიშვნელოვანი ზრდა, ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება და რეგიონული ქსელის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ აღნიშნულ მიზნებს ემსახურება ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) განხორციელება.

პროექტების განხორციელება უმაღლესი გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების მიხედვით

ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს გარემოსა და ხალხის ცხოვრებაზე. აღნიშნული ზემოქმედების შესამცირებლად, სსე გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება (გზშ) ხორციელდება საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების, მათ შორის EBRD-ის მოთხოვნების, KfW-ის მდგრადობის სახელმძღვანელოებისა და ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად.

გზშ განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით; ასევე დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობას მათთან კონსულტაციების გზით, თუ რა ზომები უნდა იქნას გატარებული სოციალური ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად. მაგალითად: ელექტროგადამცემი ხაზების სწორად პროექტირება და მიმართულების შერჩევა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას, ამასთან, ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, კომპენსაციის გადახდა მიწის გამოყენების შეზღუდვის, მიწის ნაკვეთის დაკარგვის ან/და, გარდაუვალ შემთხვევაში, ფიზიკური განსახლების სანაცვლოდ.

ამდენად, პროგრამის დაგეგმვა და განხორციელება უმაღლეს საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს ეფუძნება.

პროგრამის უპირატესობები

ENIP პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, განავითაროს:

  • სტაბილური, საიმედო, რენტაბელური და ეფექტური გადამცემი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას;
  • განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაციისთვის და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის საკმარისი გამტარუნარიანობა.

ეკონომიკური განვითარებისთვის შექმნილი გაუმჯობესებული პირობები ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ზოგადად ბიზნესის განვითარებას, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და მეტი შემოსავლის უზრუნველყოფას ნიშნავს.

ასევე გაძლიერდება საქართველოს, როგორც რეგიონის ენერგეტიკული ცენტრის, როლი; გაიზრდება ენერგეტიკულ სექტორში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.

ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამას (ENIP) აფინანსებენ შემდეგი ორგანიზაციები:

EU4Georgia Vertical Geo Eng
ELdZ_Geor_web_geor.gif

implemented by

KfW_RGB.jpg
EBRD-smaller-176.jpg

დისკლამაცია
„აღნიშნული ინფორმაცია მომზადებულია ევროკავშირის დახმარებით. მის შინაარსზე ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას იღებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და არ შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის მოსაზრებებად.“

დაკავშირებული დოკუმენტები

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება სკოპინგის ანგარიში

პროექტები და ტენდერები