ახალი ამბები

2017-03-27 

სამუშაო ვიზიტი ქ. ერევანში

2017 წლის 23-24 მარტს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ნ სულხან ზუმბურიძესა და დსს „მაღალი ძაბვის ელექტრო ქსელების“ ახალ ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ძირითად მიზანს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ენერგეტიკული პროექტების მიმოხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის (მარნეული-აირუმი) მშენებლობის მიმდინარეობაზე. აღნიშნული პროექტი მოიცავს აირუმში, სომხეთის ტერიტორიაზე თანამედროვე ქვესადგურის მშენებლობას მუდმივი დენის ჩანართით, რაც ორ ქვეყანას შორის ექსპორტის და იმპორტის მოცულობების ზრდის შესაძლებლობას იძლევა და ე.წ. „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ სატრანზიტო დერეფანში ძლიერ დამაკავშირებელ ენერგეტიკულ კვანძს ქმნის.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია ასევე შეხვდა სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებს, შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის, საანგარიშსწორებო ცენტრის, საზოგადოებრივი მომსახურებების მარეგულირებელი კომისიის, USAID/Georgia-ს, USAID/Armenia-ს, EC-LEDS/Armenia PROJECT-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო განვითარების, სომხეთის ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების, საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის მექანიზმისა და სამუშაო ჯგუფის სამომავლო საქმიანობის საკითხები.

მხარეებმა გააფორმეს ოქმი, სადაც დაფიქსირდა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები.

xelmowera small.jpgmeeting small.jpgmeeting 2 small.jpg

კომუნიკაცია