ახალი ამბები

2017-10-27 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტურები რეგიონების უფროსკლასელებისთვისაც დაიწყო

26-27 ოქტომბერს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სსე ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების სკოლების უფროსკლასელებს მასპინძლობს.

მოსწავლეებს ჟინვალის ჰიდროელექტროსადგურზე ჩაუტარდათ ექსკურსია, დაათვალიერეს კაშხალი, მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

ტურის ფარგლებში, უფროსკლასელები სსე-ის სათაო ოფისში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილს შეხვდებიან. შეხვედრის შემდეგ დაათვალიერებენ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს, ჩაუტარდებათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრებიან, სადაც უშუალო მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამ პროგრამას თბილისის მასშტაბით უკვე ორი წელია ახორციელებს. პროგრამის დადებითი შედეგებისა და გამოხმაურების გათვალისწინებით, შემეცნებით ტურში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებიც ჩაერთვნენ. ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

cageris da lentexis skolebis ufrosklaselebi stumrad sse-Si-1-small.jpgcageris da lentexis skolebis ufrosklaselebi stumrad sse-Si-2-small.jpg

კომუნიკაცია